понедельник, 3 мая 2010 г.

ქვემო ქართლი


ქვემო ქართლი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, ქართლის ერთი ნაწილი. იგი შემოსაზღვრული იყო თრიალეთის, ჯავახეთისა და ბამბაკ-ერევნის ქედებით. სხვადასხვა პერიოდში მისი კუთხეები სხვადასხვა სახელებით იხსენიებიან (თრიალეთი, გაჩიანი, გარდაბანი, ტაშირი, აბოცი, ბამბაკი), რომელთა შინაარსი ხშირად იცვლებოდა.

ამავე ტერიტორიაზე იქმნებოდა სხვადასხვა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები, რომლებიც საცილობელი ხდებოდა მეზობელ ქვეყნებს შორის. მათ შორის აღსანიშნავია: სამშვილდის და ხუნანის საერისთავოები, თბილისის საამირო, ტაშირ-ძორაგეთის სამეფო, კლდეკარის, ლორის, გაგის საერისთავოები, საბარათიანო.

ქვემო ქართლის ტერიტორია უძველესი დროიდანვე ქართველური ტომებითი იყო დასახლებული, რომელთა ხანგრძლივი ურთიერთკავშირისა და ურთიერთშერწყმის შედეგად წარმოიშვა ქართველი ხალხი. აქ მოსახლე ტომებიდან წყაროები იცნობენ გუგარებს, იგივე გოგარებს. მათგან მოდის ისტორიული პროვინციის - გოგარენეს სახელწლდება. სავარაუდოა, რომ მათ გვერდით ცხოვრობდნენ ასევე სომხური ტომებიც. მტრების გამუდმებული თავდასხმების გამო XIII საუკუნიდან მოყოლებული ქვემო ქართლი თანდათანობით დაიცალა მკვიდრი მოსახლეობისაგან. მათი დიდი ნაწილი მტერს შეეწირა, ნაწილი კი საქართველოს სხვა კუთხეებში გაიხიზნა. მათ ადგილს უცხოტომელები იკავებდნენ, რაც განაპირობებს ამ მხარის ეთნიკურ სიჭრელეს.

თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ქვემო ქართლი შედის ქვემო ქართლის მხარეში და მოიცავს ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულისა და წალკის რაიონების ტერიტორიებს.

суббота, 24 апреля 2010 г.

ბოლნისის სიონი



ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი, სამნავიანი ბაზილიკის ტიპის ნაგებობა, მდებარეობს ქვემო ქართლში, სოფელ ბოლნისში (ბოლნისის რაიონში), მდინარე ბოლნისისწყლის მარცხენა ვაკე ნაპირზე. ჩრდილოეთით ერთ-ერთი შესასვლელის თავზე მოთავსებული წარწერის მიხედვით აშენებულა 478-443წ-ში. ბოლნისის სიონის სამი წარწერა_ქართული წერისა და ენის უძველესი ნიმუშთაგანია. ერთი წარწერა მოთავსებულია აღმოსავლეთ კედელზე, საკურთხევლის სარკმლის თავზე, გარედან, მედალიონში ჩასმული ბოლნური ჯვრის გარშემო. აკადადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა წარწერა V-VIსს.-ით დაათარიღა. ეს ვარაუდი დააზუსტა 1937წლის გათხრების დროს აღმოჩენილმა ოთხსტრიქონიანმა წარწერამაც. იგი მოთვსებული ყოფილა ჩრდილოეთით მარცხენა კარის თავზე გადებულ ქვაზე. წარწერის ოთხივე სტრიქონი, დასაწყისი და დასასრული, რომელიც კედელზეა შერჩენილი, ამჟამად თითქმის აღარ იკითხება.Uუკეთაა შენახული წარწერის ჩამომტყდარი ნაწილი. იგი საშუალებას იძლევა მიახლოებით აღვადგინოთ ნაკლული ტექსტი. წარწერა დაცულია აკადემიკოს სიმონ ჟანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. მის ადგილას კი იმიტაციაა ჩასმული. Aამ ტექსტის მიხედვით ეკლესია აშენებულა 479-494წლებში. მესამე წარწერა მოთვსებულია ჩრდილოეთის მარჯვენა კარის თავზე. წარწერები შესრულებულია მსხვილი რელიეფური მთავრული (მრგლოვანი) ასოებით. ეკლესია მოპირკეთებულია ლამაზი ფირუზისფერ-მომწვანო ტუფის სუფთად გათლილი კვადრებით. ნავები ჯვარისებრი გეგმის ბოძების ხუთი წყვილითაა გამოყოფილი. საკურთხეველს სადიაკვნე და სამკვეთლო არა აქვს, ნახევარწრიული აფსიდი შვერილია. ჩრდილოეთით მთელ სიგრძეზე ღია თაღოვანი გალერეაა, სამხრეთ _ თაღოვანი სტოა და ორაფსიდიანი სანათლავი, რომლებსაც შესასვლელი მხოლოდ ეკლესიიდან აქვს (ეს ცალკე გამოყოფილი სანათლავის ერთადერთი ნიმუშია საქართველოში), შესასვლელების თავზე ნალისებრი მოხაზულობის ღია ლუნეტებია. ნალისებრია შიგნითა თაღებიც. შუა ნავი ნახევარცილინდრული კამარით იყო გადახურული (ახლანდელი გადახურვა XVIIს-ისაა), გვერდის ნავები_ნახევარკამარებით. სამივე ნავს გარედან საერთო ორკალთიანი სახურავი აქვს. ისევე, როგორც საერთოდ ადრეულ ფეოდალური ხანის ქართული არქიტექტურისათვის, ბოლნისის სიონისთვისაც დამახასიათებელია ინტერიერის მკაცრი მონუმენტურობა_მთავარი ყურადღება შიგა სივრცის მხატვრულ გადაწყვეტას ექცევა, ფასადთა მნიშვნელობა ჯერ კიდევ მეორეხარისხოვანია. საქართველოსთვის ტრადიციულ ცენტრალური კომპოზიციების გავლენას მოწმობს დასავლეთით შესასვლელის უქონლობა (ახლანდელი XVIIს-შია გაჭრილი), რაც ეწენააღმდეგაბა ბაზილიკის “სიგრძივ” ხასიათს. ბაზისებისა და სვეტისთავებისთვის საინტერესო სკულპტურული მორთულობა თავმოყრილია ჩრდილოეთის გალერეასა და ტაძრის ინტერიერში. მცენარეულ და გეომეტრიულ სახეებთან ერათად, რომლებიც სასანური ხელოვნების წრესთან ნათესაობას ამჟღავნებს, გვხვდება ქრისტიანული სიმბოლოს _ ჯვრის სხვადასხვა გამოსახულებანი. მათ შორის ერთ-ერთი “ბოლნური ჯვრის” სახელითაა ცნობილი. ბლნისის სიონში, პირველად ქართულ არქიტექტურაში, გვხვდება რელიეფურ_სკულპტურული გამოსახულებანი (ხარის თავი, სხვადასხვა ფრინველი და ცხოველი). ბოლნისის სიონი ნათლად წარმოგვიდგენს, როგორც ქართული ბაზილიკის ნათესაობას ქრისტიანულ სამყაროს სხვა ქვეყნების ბაზილიკასთან, ისე მის მკაფიოდ გამოსახულ თავისებურებებსაც. ეკლესიის გვერდით დგას XVIIს-ის სამრეკლო. ბოლნისის სიონი საფუძვლინადაა რესტავრირებული და შეკეთებული. XVIIს-ში აღადგინეს გადახურვის კამარები საბჯენი თაღებით, გაჭრეს დასავლეთის შესასვლელი. 1936-1939 ჩატარებულ სამუშაოთა შედეგად ძეგლი გათხარეს, შეაკეთეს, გადახურეს და გაამაგრეს. 1967-1969 გადახურეს ჩრდილოეთის გალერეა და აღადგინეს მისი დასავლეთის კედელი, უძველესი წარწერის პირი ჩადგეს თავის ადგილას, დააგეს ქვის ახალი იატაკი.

ბოლნისის სიონში გაჩაღებული იყო მწიგნობრული საქმიანობა; ცნობილია ბოლნელ ეპისკოპოსთა ინიციატივით დამზადებული ხელნაწერები. X-XIსს-ში იქ მოღვაწეობდა იოანე ბოლნელი.